|
|
ძირითადი მიმართულებები ჯანდაცვის სექტორში
(2006-2007წწ.)
|
|
|
|
|
I. შესავალი
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ჯანდაცვის სექტორის ძირითადი მიმართულებები და მათ განსახორციელებლად მომდევნო ორ წელიწადში გასატარებელი ღონისძიებები. შემუშავებული პრიორიტეტები ეფუძნება მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებს და ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ მდგომარეობას.
ქვემოთ მოყვანილ ჩარჩოში მოცემულია თითოეული პრიორიტეტული მიმართულების განსახორციელებლად დაგეგმილი მოკლევადიანი ქმედებები, ხოლო მომდევნო სექციებში წარმოდგენილია მოკლე და საშუალო ვადიანი ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალი.
ამ ღონისძიებათა განხორციელებისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხელმძღვანელებს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:
1.1. პასუხისმგებლობის განაწილების პრინციპი: სახელმწიფო მკაფიოდ აყალიბებს ჯანდაცვის სექტორში ნაკისრ ვალდებულებებს და იღებს პასუხისმგებლობას ამ ვალდებულებების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო მიჯნავს თავის პასუხისმგებლობას საზოგადოების და ცალკეული ინდივიდების პასუხისმგებლობისაგან.
1.2. გამჭვირვალეობის პრინციპი: სახელმწიფო უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, და ნაკისრი ვალდებულებების მოსახლეობამდე მიტანას.
II. ძირითადი მიმართულებების შეჯამება
2.1. პირველი მიმართულება: საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და საბაზისო სამედიცინო მომსახურების (უნივერსალური პაკეტი) საყოველთაო უზრუნველყოფით (განურჩევლად მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის ან ფინანსური შესაძლებლობებისა).
მოკლევადიანი ღონისძიებები:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სოციალურიად საშიში დაავადებებისაგან და გარემოს მავნე ფაქტორებისაგან (ეპიდზედამხედველობის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჩათვლით).
- საოჯახო მედიცინის (ოჯახის ექიმის) პრინციპებზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) ცენტრების შექმნა პირველ ეტაპზე 3 პილოტურ რეგიონში (იმერეთი, აჭარა, კახეთი), ხოლო შემდგომ ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- ინდივიდის, ოჯახის და თემის მიერ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომელიც მიმართული იქნება სიკვდილიანობისა და ავადობის ძირითადი მიზეზებზე და ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე
2.2. მეორე მიმართულება: მოსახლეობის დაცვა ავადმყოფობით გამოწვეული კატასტროფული ფინანსური დანახარჯების უარყოფითი ზემოქმედებისაგან: სამედიცინო დაზღვევის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი საბაზისო პროდუქტის (მედიპროტექტი) შექმნა და ღარიბი მოსახლეობისათვის მისი დაფინანსება (შეძენა).
მოკლევადიანი ღონისძიებები:
- მედიპროტექტის მომსახურების პაკეტის განსაზღვრა (მედიპროტექტი არ მოიცავს მომსახურებას, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება უნივერსალური პაკეტის ფარგლებში).
- სახელმწიფოს მიერ მედიპროტექტის პაკეტის შესყიდვა უღარიბესი მოსახლეობისათვის;
- მთელი მოსახლეობისათვის მედიპროტექტის შეთავაზება სახელმწიფოს მიერ რეგულირებული შესყიდვის სისტემის მეშვეობით.
2.3. მესამე მიმართულება: სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სრულყოფილი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება, კონტრაქტირების პროცედურების გამკაცრება და სამედიცინო ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. სამედიცინო დაწესებულებების და მომსახურების მიმწოდებლებეის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და მოსახლეობისათვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
მოკლევადიანი ღონისძიებები:
- საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე კლინიკური პროტოკოლების შემუშავება შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობით;
- სამედიცინო პერსონალის ლიცენზირების სტანდარტების განახლება;
- ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სახელშეკრულებო პირობების გამკაცრება კლინიკური გაიდლაინებისა და ლიცენზირების სტანდარტების საფუძველზე;
- მოსახლეობის ინფორმატიულობის გაზრდის მიზნით ინფორმაციის შეკრებისა და გავრცელების დამოუკიდებელი სისტემის/სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
2.4. მეოთხე მიმართულება: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების სამეთველყურეო და მმართველობითი ფუნქციის გაძლიერება ადექვატური პოლიტიკის, სრულყოფილი მარეგულირებელი სისტემის და ჯანდაცვის სექტორის ეფექტური მართვის მეშვეობით.
მოკლევადიანი ღონისძიებები:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების რესტრუქტრიზაციის დასრულება; რეგიონალური და რაიონული სტრუქტურების რეფორმირება;
- მონიტორინგისა და მმართველობითი რგოლის გაძლიერებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ანგარიშგების სისტემისა და სააღსრულებო მექანიზმების სრულყოფა
- სამედიცინო მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავება და შესაბამისი სტრუქტურების შექმნა;
- მარეგულირებელი სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით მენეჯმენტის სისტემის გაძლიერება და მასში ინვესტირება.
2.5. მეხუთე მიმართულება: ჯანდაცვის სისტემაში არსებული ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენება სამედიცინო მომსახურების მიწოდების ინფრასტრუქტურის განახლების, რესტრუქტურიზაციის, ინტეგრირების და სათანადო რაოდენობისა და კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო კადრების მომზადებით.
მოკლევადიანი ღონისძიებები:
- სამედიცინო მომსახურების ქსელის რესტრუქტურიზაციის მიზნით ინვესტირების ზრდა პირველად ჯანდაცვაში და ჰოსპიტალურ სექტორში სუბსიდიების შემცირება;
- გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მიზნობრივი ინვესტირებით ისეთ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც სამედიცინო მომსახურება არასაკმარისი ან არაადექვატურია;
- ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსების სათანადო მოცულობის, პროფილის და გეოგრაფიული გადანაწილების განსაზღვრა;
- მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, რეფორმების ხელშეწყობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმულირების მიზნით საჭირო სამეცნიერო კვლევების ჩატარება.
III. სიტუაციური ანალიზი
3. სოციალისტური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გამოიწვია ეკონომიკური ვარდნა, რაც განსაკუთრებული სიმწვავით აისახა საქართველოზე. 1990 წლის მონაცემებთან შედარებით 1992-1996 წლებში რეალური ეროვნული შემოსავალი შემცირდა 78%-ით და ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში ჯანდაცვის ხარჯი შეადგენდა ერთ აშშ დოლარზე ნაკლებს. ასეთი მდგომარეობა მოითხოვდა გადაუდებელი რეფორმების განხორციელებას.
4. ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ 1995 წელს მთავრობამ დაიწყო ჯანდაცვის სისტემის ამბიციური რეფორმა. დაინერგა ჯანდაცვის დაფინანსების ახალი მოდელი, სადაც შერწყმული იყო საგადასახადო სუბსიდიები, ჯიბიდან გადახდა და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა.
5. პარალელურად დაიწყო ფართო სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც უმეტესად არასრულყოფილად ხორციელდებოდა. საკვანძო ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების დეცენტრალიზაციას თან არ ერთვოდა ადექვატური ფისკალური დეცენტრალიზაცია. დაშლის პირას მდგომი რაიონული დონის ადმინისტრაციები ვერ ახერხებდნენ ისეთ პრობლემებზე სათანადო რეაგირებას, როგორიცაა ინფექციური დაავადებების ეპიდემიები და მავნე გარემო ფაქტორების გავლენა. სათანადო ალტერნატიული მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბების გარეშე სამედიცინო დაწესებულებებისათვის ავტონომიის მინიჭებამ შეასუსტა მომსახურების მიმწოდებელთა ანგარიშგება როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების წინაშე. ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულებების გამიჯვნამ რეფერალური სისტემის არარსებობის პირობებში დაარღვია კავშირი მომსახურების სხვადასხვა დონეებს შორის.
6. ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ არ მოიტანა სასურველი შედეგები რამეთუ არ მოხდა მთავრობის როლის ტრანსფორმაცია ახალი საბაზრო ურთიერთობების პირობებისადმი. თავი იჩინა მრავალმა პრობლემამ:
6.1. ჯიბიდან გადახდის პრინციპის შემოღებამ შექმნა ბარიერები მომსახურების ხელმისაწვდომობაში. ამჟამად კერძო ფორმალური და არაფორმალური გადახდები საქართველოში შეადგენს ჯანდაცვის დანახარჯების 80%-ს. ავადმყოფობის ერთი შემთხვევის ხარჯები ხშირად იწვევს ოჯახის გაღატაკებას .
6.2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიმიტირებულმა დაფინანსებამ და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კავშირების მოშლამ შეამცირა ინფექციური დაავადებების ეპიდემიების ადექვატური კონტროლის შესაძლებლობები;
6.3. ხარისხიანი მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ გამოიწვია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც კიდევ უფრო მძიმდება მოსახლეობის დაბერების ტენდენციით. საქართველო ამჟამად ორმაგი პრობლემის წინაშე დგას, ეს არის ქრონიკული დაავადებების მაღალი პრევალეტობა (ძირითადად საშუალო ასაკის და ხანდაზმულ მოსახლეობაში), რასაც თან ახლავს ინფექციური დაავადებების აფეთქებები (ტუბერკულოზი და დიფთერია).
6.4. ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დონეებს შორის კავშირების რღვევამ გაართულა მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა. მაგალითად, სერიოზული სირთულეები შეიქმნა ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილებისათვის მომსახურების მიწოდებაში პირველადი და მეორადი დონეების მაკავშირებელ რგოლებზე. პერინატალურ პერიოდში წარმოქმნილი პრობლემებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა 17.4-დან 19.3-მდე.
IV. სახელმწიფოს როლი ჯანდაცვის სექტორში
7. კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ჯანდაცვის სექტორში სრულყოს და განავითაროს შემდეგი ფუნქციები:
7.1. სექტორის საერთო მმართველობა, ზედამხედველობა და რეგულირება, მათ შორის ისეთი სტრატეგიული ამოცანების ჩამოყალიბება, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებების შეფასებას და მათზე სათანადო რეაგირებას;
7.2. მოსახლეობის დაცვა მავნე გარემო ფაქტორებისა და სოციალურად საშიში დაავადებებისაგან;
7.3. ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი სისტემის შექმნა მოსახლეობის სამენიცინო საჭიროებების და ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შესაბამისად. ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის სახსრებს. ჯანდაცვის დაფინანსების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების შესყიდვა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა შემსყიდველის მიერ, მათ შორის სახელმწიფო და კერძო დაზღვევით და ინდივიდუალურად ჯიბიდან გადახდით;
7.4. რესურსების შექმნა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მოიცავს: მაღალკვალიფიციური და სათანადო რაოდენობის სამედიცინო კადრებით უზრუნველყოფას, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტებისადმი ხელმისაწვდომობასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის სტანდარტების დადგენას. სახელმწიფო არეგულირებს ადამიანური რესურსების მიწოდებას ჯანდაცვის სექტორში. მაგალითად, პჯდ დანერგვის პროცესში პრიორიტეტულია კადრების მომზადება საოჯახო მედიცინაში.
7.5 მაღალი ხარისხის სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც რიგ შემთხვევებში განხორცილედება მომსახურების უშუალო მიწოდებით, ხოლო სხვა შემთხვევებში მომსახურების შესყიდვის ეფექტური კონტრაქტირების სისტემის შექმნით, რომელიც დაეფუძნება მტკიცე საკანონმდებლო ჩარჩოებს, რათა ჯანდაცვის მთელ სისტემაში გარანტირებული იყოს მომსახურების მინიმალური სტანდარტი.
8. დღეისათვის საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები შეზღუდულია მწირი ფინანსური რესურსებით, ჯანდაცვაზე საერთო დანახარჯები შეადგენს არაუმეტეს 25%. აქედან გამომდინარე აუცილებელია პირდაპირი დაფინანსებისა და მომსახურების მიწოდების გაერთიანება ისეთ ღონისძიებებთან, რომლებიც მიმწოდებლებს შეუქმნიან ხელსაყრელ გარემოს ეფექტური სამედიცინო მომსახურების განსახორციელებლად, რაც თავის მხრივ გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე.
ძირითადი მიმართულებები
V. პირველი მიმართულება: საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და საბაზისო სამედიცინო მომსახურების (უნივერსალური პაკეტი) საყოველთაო უზრუნველყოფით (განურჩევლად მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის ან ფინანსური შესაძლებლობებისა).
9. სახელმწიფო დააფინანსებს უნივერსალურ პაკეტში გათვალისწინებულ პრიორიტეტულ სერვისებს, რომელიც გარანტირებული იქნება მთელი მოსახლეობისათვის. ეს პაკეტი მოიცავს:
9.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებს, როგორიცაა მოსახლეობის დაცვა მავნე გარემო ფაქტორებისაგან (მაგ. უსაფრთხო წყალი და საკვები, საგზაო შემთხვევები, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა სამუშაო ადგილებზე, არაჯანსაღი ცხოვრების წესის აღმოფხვრა) და სოციალურად საშიში დაავადებების პრევენცია და მკურნალობა (მაგ. ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, ფსიქიკური დაავადებები);
9.2. საოჯახო მედიცინის მოდელზე დაფუძნებულ პირველად ჯანდაცვას (პჯდ) (საექიმო და საექთნო კონსულტაციები, გადაუდებელი დახმარება მწვავე მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის, საბაზისო ლაბორატორიული დიაგნოსტიკური მომსახურება და შერჩეული მედიკამენტები).
10. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საქართველოს ყოველი მოქალაქე უზრუნველყოს უნივერსალური პაკეტით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი სოციალური ვალდებულებებიდან გამომდინარე, სამინისტრო განსაზღვრავს და ამტკიცებს უნივერსალურ პაკეტში შესატანი სამედიცინო მომსახურების სახეების ჩამონათვალს.
12. სამინისტრო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან შეთანხმებით დაამტკიცებს უნივერსალური პაკეტის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების ტარიფებს.
13. განხორციელდება ღონისძიებები, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს სწრაფი რეაგირება ქვეყნის თითოეულ რეგიონში წარმოქმნილ საჭიროებებზე. გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების ორგანიზაცია და დაფინანსება, რათა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე მათ შეძლონ:
- პრობლემის იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მოსახლეობის დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
- მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატური მეთვალყურეობა თანამედროვე და სანდო ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის შესაქმნელად;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა საზოგადოების ინფორმირება და განათლება, ჯანმრთელობის ხელშემწყობი ღონისძიებები.
14. სამედიცინო მომსახურების დიდი ნაწილის განხორციელება შესაძლებელია ახალ პჯდ ცენტრებში, სადაც სახელმწიფო ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას როგორც თემის, ისე ინდივიდუალურ დონეზე. გაუმჯობესებული პჯდ მინიმუმამდე დაიყვანს ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფინანსური დანახარჯებს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინების და მკურნალობის საშუალებით. ხოლო დაავადებათა პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეშვეობით დაიცავს მოსახლეობას გადამდები დაავადებებისაგან.
15. ასეთი მომსახურების მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება არსებული სტრუქტურების მიერ, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში პილოტური პროექტისათვის შერჩეულ ობიექტებს, რომელთა რეაბილიტაციაც მიმდინარეობს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით. ამ პილოტურ დაწესებულებებში სახელმწიფო განსაზღვრავს ექიმების, ექთნების და მენეჯერების საშტატო ერთეულებს. პჯდ რეფორმის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელსაც შევიძენთ პჯდ-ს პილოტირების საფუძველზე.
16. მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც შეამცირებენ რეგიონალურ უთანასწორობას სახელმწიფო დაფინანსებისადმი ხელმისაწვდომობაში. შემუშავდება რესურსების განაწილების ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს. ეს უნდა განხორციელდეს ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
17. განხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება დაავადებათა პრევენციაში და საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ასეთ ღონისძიებებს მიეკუთვნება: ჯანსაღი ცხოვრების წესის: ჯანსაღი კვების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, პოტენციურად მავნე ნივთიერებების მოხმარების შესახებ და სხვ. ინფორმაციის მიწოდება. Aამ მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებს სხვა სამინისტროებთან.
VI. მეორე მიმართულება: მოსახლეობის დაცვა ავადმყოფობით გამოწვეული კატასტროფული
ფინანსური დანახარჯების უარყოფითი ზემოქმედებისაგან. სამედიცინო დაზღვევის
ხელმისაწვდომი (ფინანსურად და გეოგრაფიულად) საბაზისო პროდუქტის (მედიპროტექტი)
შექმნისა და ღარიბთათვის მისი დაფინანსების მეშვეობით.
18. ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯებით გამოწვეული სიღარიბისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით სახელმწიფო მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოიღებს და დაარეგულირებს საბაზისო სამედიცინო დაზღვევას. სამედიცინო დაზღვევის საბაზისო პაკეტი (მედიპროტექტი) უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას იმ ფინანსური რისკებისაგან, რომლებიც წარმოიქმნება აუცილებელი სპეციალიზირებული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შედეგად და რომელიც მოიცავს მოსახლეობის ავადობის უდიდეს ნაწილს. ასეთი მიდგომით შესაძლებელი გახდება დაზღვევაში სახელმწიფო და კერძო ფინანსური რესურსების გაერთიანება, რაც დაეხმარება ინდივიდებს რისკის უფრო ეფექტურ მართვაში, ვიდრე ეს შესაძლებელია მომსახურებაზე ოფიციალური და არაოფიციალური გადახდების სისტემების მეშვეობით.
19. სახელმწიფო შეისყიდის მედიპროტექტს ღარიბი ოჯახებისათვის, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება მატერიალური შესაძლებლობების შეფასებაზე დაფუძნებული სოციალური დახმარების მიზნობრივი სისტემის მეშვეობით.
20. არაღარიბი მოსახლეობის მიერ მედიპროტექტის შესყიდვა მოხდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. სახელმწიფო წაახალისებს დამქირავებლებს შეუერთდნენ ასეთ სადაზღვევო სქემებს დაქირავებულთა სასარგებლოდ.
21. სახელმწიფოს მიერ მოხდება მედიპროტექტი-ს ფასის (პრემიუმის მაქსიმალური და მინიმალური დონის განსაზღვრა), სერვისების და გაწეული მომსახურების ხარისხის მკაცრი რეგულირება. შემუშავდება მედიპროტექტი-ს და სამედიცინო დაზღვევის სხვა სქემების პროდუქტის მარეგულირებელი სისტემა, რომელშიც გაერთიანებული იქნება ფინანსური მოვალეობები და სამედიცინო მომსახურების კონტროლი.
22. მედიპროტექტი ფართოდ იქნება გაშუქებული სახელმწიფო საინფორმაციო არხებით, მედიასა და სამედიცინო დაწესებულებებში.
23. ინდივიდისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურება, რომელიც არ შედის მედიპროტექტი-ს პაკეტში, შეიძლება შესყიდულ იქნას ნებაყოფლობით საფუძველზე პირდაპირი გადახდის ან კერძო სადაზღვევო ბაზარზე დამატებითი სამედიცინო დაზღვევის შეძენით.
VII. მესამე მიმართულება:¨ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
სრულყოფილი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება, კონტრაქტირების
პროცედურების გამკაცრება და სამედიცინო ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და
კონტროლი. სამედიცინო დაწესებულებების და მომსახურების მიმწოდებლებეის შესახებ
ინფორმაციის საჯაროობა და მოსახლეობისათვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
24. ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო რეგულირების ამოცანაა: მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების ოპტიმალური დააკმაყოფილება; სამედიცინო მომსახურების შემსყიდველის მიერ კონტრაქტირების მექანიზმების გამკაცრება და სამედიცინო სტანდარტების მკაცრი კონტროლი; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
25. ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ყველა მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილებაზე და ასევე მათ წახალისებაზე, რათა უზრუნველყონ მომსახურება, რომელიც დაუახლოვდება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები:
ა. საექიმო და საექთნო პერსონალის ლიცენზირების სტანდარტების განახლება, რაც
ითვალისწინებს კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას უწყვეტი სამედიცინო განათლების
სისტემის მეშვეობით;
ბ. ახალი პროცედურების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ მედიკამენტების
უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და თავიდან აგვაცილებენ უხარისხო და
არაეფექტური პროდუქციის გავრცელებას. გატარდება ზომები, რომლებიც
უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტების ხარჯთ-
ეფექტურობას, ყურადღების გამახვილებით იმ გენერიკული მედიკამენტების შეძენაზე,
რომლებიც შეტანილია ესენციალური წამლების ნუსხაში.
გ. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა აკრედიტაციის სისტემის შემუშავება
დამოუკიდებელი სტანდარტების საფუძველზე, რაც სტიმულს მისცემს მომწოდებლებს
გააუმჯობესონ მკურნალობის სტანდარტები და გაზარდონ პაციენტთა კმაყოფილების
მაჩვენებლები.
დ. შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ისეთი
ახალი კლინიკური პროტოკოლების (მკურნალობის გაიდლაინები) შემუშავება,
რომლებშიც ასახული იქნება მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა და რომლებიც
გათვალისწინებულ იქნება მომწოდებლებთან გაფორმებულ კონტრაქტებში.
26. ჯანდაცვის სახელმწიფო შემსყიდველ სააგენტოებსა და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებს შორის და ასევე ჯანდაცვის სახელმწიფო შემსყიდველ სააგენტოებსა და კერძო მზღვეველებს შორის გაფორმებული კონტრაქტები გამოყენებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
27. სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობით გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო მომსახურების შემსყიდველებისათვის, მზღვეველებისა და მოსახლეობისათვის; მთავრობა ხელს შეუწყობს მომსახურების მომწოდებელთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების დამოუკიდებელ სამთავრობო და არასამთავრობო სისტემის/სამსახურის შექმნას, რაც დაეხმარება საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
28. სახელმწიფო ჩამოაყალიბებს პაციენტების მიერ გასაჩივრების მარტივ პროცედურებს, რათა ანაზღაურებულ იქნას უხარისხო მომსახურებით მიყენებული ზარალი. ეს პროცედურები დამოუკიდებელი იქნება მომსახურების მომწოდებლებისა და შემსყიდველებისაგან.
VIII. მეოთხე მიმართულება: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა
და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების სამეთველყურეო და მმართველობითი
ფუნქციის გაძლიერება ადექვატური პოლიტიკის, სრულყოფილი მარეგულირებელი
სისტემის და ჯანდაცვის სექტორის ეფექტური მართვის მეშვეობით.
29. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების რესტრუქტრიზაციის დასრულება. შემუშავდება და დაინერგება სამინისტროს, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ჯანდაცვის რეგიონალური და რაიონული დონეების ახალი სტრუქტურები და ფუნქციები, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას.
30. სახელმწიფო განამტკიცებს რაიონული და რეგიონული დონეების მომწოდებელთა კოორდინაციას და მართვას, რაც განხორციელდება ჯანდაცვის მენეჯმენტში სამედიცინო დაწესებულებების მმართველი პერსონალის პროფესიონალური უნარ-ჩვევების განვითარებით. ეს მოიცავს განახლებული პჯდ დაწესებულებების ბიზნეს-მენეჯერების მომზადების მხარდაჭერას.
31. მონიტორინგისა და მმართველობითი რგოლის გაძლიერებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ანგარიშგების სისტემისა და სააღსრულებო მექანიზმების სრულყოფა
32. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორში აქტიური სახელმწიფო შემსყიდველის (ჯანდაცვის ფონდი) ფუნქციის განვითარებას, რომელიც უკეთესად წარმოადგენს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებს. ჯანდაცვის ფონდს საჭიროებათა შეფასების, მიმწოდებლებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტრაქტების გაფორმების და სამუშაოთა შესრულების მონიტორინგის სისტემების შესამუშავებლად გაეწევა მნიშვნელოვანი დახმარება. პაციენტთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ფონდს მიეცემა სათანადო ავტონომია აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად.
33. სამედიცინო დაწესებულებებს გაეწევა დახმარება, რათა მათ სათანადოდ დააკმაყოფილონ სახელმწიფო და კერძო მზღვეველების გაზრდილი მოთხოვნილებები. ეს დახმარება მოიცავს პერსონალის სწავლებას, დახმარებას როგორც კონტრაქტირებასა და შესრულების მონიტორინგის საკითხებში, ასევე შერჩეული მომსახურების განახლებაში, რათა დაკმაყოფილდეს თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლების მაღალი სტანდარტები.
34. ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის შემდგომი განვითარება, რომელიც მოგვცემს ჯანდაცვის მენეჯმენტისათვის საჭირო ინფორმაციის რეგულარული მოძიების და დამუშავების საშუალებას. აღნიშნული ინფორმაცია გადაეცემა სახელმწიფოს ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოებს და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისათვის.
IX. მეხუთე მიმართულება: ჯანდაცვის სისტემაში არსებული ფინანსური რესურსების ეფექტური
გამოყენება სამედიცინო მომსახურების მიწოდების ინფრასტრუქტურის განახლების,
რესტრუქტურიზაციის, ინტეგრირების და სათანადო რაოდენობისა და კვალიფიკაციის მქონე
სამედიცინო კადრების მომზადებით.
35. სახელმწიფო ინვესტიციები მიმართული იქნება ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების მაქსიმალურ მოცვას. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო ეტაპობრივად გაზრდის სახელმწიფო და კერძო დაფინანსებას, მოიზიდავს ინვესტიციებს პჯდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებებისათვის, რაც მოიცავს როგორც კაპიტალურ დაბანდებებს, ასევე ადამიანურ რესურსებს. მოხდება სახელმწიფო ინვესტიციების საერთო მოცულობის შემცირება საავადმყოფოებისათვის, თუმცა გაგრძელდება დაფინანსება იმისათვის, რომ დავეხმაროთ საავადმყოფო სექტორს გაზარდოს თავისი ეფექტურობა გაუმჯობესებული მენეჯმენტისა და სტრუქტურული რეფორმების მეშვეობით.
36.უნდა მოხდეს საჭიროებათა სერტიფიკატის სისტემის შემოღება, რასაც დაეფუძნება ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე ნებართვის გაცემა და სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სექტორში ახალი/მაღალი ტექნოლოგიების დანერგვაზე უფლების მიღება.
37. სათანადო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო განახორციელებს მიზნობრივ ინვესტიციებს (ინფრასტრუქტურისა და საკადრო რესურსების განვითარებაში) მხოლოდ ისეთ გეოგრაფიულ ადგილებში, სადაც მომსახურება ან არ არსებობს, ან არასაკმარისი და არაადექვატურია, ან სადაც ინვესტიციების ჩადება ხელს შეუწყობს პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. საქართველოს მთავრობა არ განახორციელებს ინვესტიციებს იქ, სადაც სახელმწიფო ან არასამთავრობო სექტორს, ან ორივეს ერთად გააჩნია საკმარისი შესაძლებლობები. ასეთ ადგილებში მთავრობა შემოიფარგლება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით.
38. კონსენსუსის საფუძველზე განისაზღვრება საქართველოში სამედიცინო კადრების საჭირო პროფილი 15-წლიანი პერიოდისათვის. ინვესტირება განხორციელდება საკვანძო სფეროებში: ოჯახის ექიმები და ექთნები; სოფლის რეგიონებისათვის თემის ექთანი-ბებიაქალი; ფართო სპექტრის სპეციალისტები საავადმყოფო სექტორისათვის; ჯანდაცვის მენეჯერები.
39 საექიმო და საექთნო კადრების საჭიროების დაგეგმვა იმგვარად, რომ შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მაღალკვალიფიციური პერსონალზე მოთხოვნა და უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის, ისე ცალკეული რეგიონისათვის/რაიონებისათვის.
40 გაძლიერდება ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე, პოლიტიკის შემუშავებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აქცენტი გაკეთდება, როგორც აუცილებელ სამედიცინო და ეპიდემიოლოგიურ კვლევებზე (რაც მოიცავს საერთაშორისო მეცნიერული მტკიცებულებების და გამოცდილების სათანადოდ გამოყენებას), ასევე პოლიტიკაზე ორიენტირებული სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაზე, რიმელიც დაეფუძნება სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა მომიჯნავე მეცნიერებებს.
|
|
|
|
|
|
|
|
|