|
2007.02.16 პრესა >>
12 წლის მოზარდი გაურკვეველი დიაგნოზით გარდაიცვალა
გორის ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის მოზარდი ვასიკო კვირიკაშვილი გაურკვეველი დიაგნოზით გარდაიცვალა. იგი სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი იყო. მოზარდი შეუძლოდ სამი დღის წინ გახდა, რის გამოც მშობლებმა ჯერ ადგილობრივი ამბულატორიის ექიმს მიმართეს, ხოლო შემდეგ, გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ სერიოზული არაფერი იყო და ნევროპათოლოგთან კონსულტაცია ურჩიეს. სამშაბათს საღამოს 12 წლის მოზარდი კვლავ ცუდად გახდა, სხეულის ტემპერატურამ აუწია, რის გამოც მშობლები იძულებულნი გახდნენ ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კვლავ გორის საავადმყოფოში გადაეყვანათ. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.
ექიმებმა მშობლებს გარდაცვალების მიზეზად ცოფი დაუსახელეს, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამას გამორიცხავენ. მათი თქმით, ვასიკო კვირიკაშვილს ცხოველებთან ურთიერთობა არ ჰქონია და არც ნაკაწრი და დაზიანებები აღენიშნებოდა.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გამოვლენილი კლინიკური სიმპტომებით ცოფის შემთხვევა გამორიცხეს.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ინტერპრესნიუსი “რეზონანსი” 15.02.2007
|