|
2007.02.14 პრესა >>
შრომის ბაზარს იკვლევენ
უმაღლესი განათლების სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით შრომის ბაზრის კვლევა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით პარასკევს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის, "უმაღლესი განათლების სტრატეგიული დაგეგმვა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად", ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდება თუ რა კვალიფიკაციებსა და უნარებზეა მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე და როგორ შეიძლება უმაღლესი განათლების სისტემამ მოამზადოს კადრები, რომლებსაც ექნებათ შრომის ბაზარზე მოთხოვნილი კვალიფიკაციები და უნარები.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კვლევა აამაღლებს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე, გაზრდის მათი დასაქმების დონეს და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.
შრომის ბაზრის კვლევის შედეგად ცნობილი გახდება, რომელ პროფესიებში შეუძლიათ ქართველ ახალგაზრდებს ყველაზე დიდი წვლილის შეტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რა განათლებაა საჭირო პრიორიტეტული პროფესიების დასაუფლებლად და რამდენად შეუძლიათ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ განათლების უზრუნველყოფა და სხვ.
კვლევაში მონაწილეობს 1800-მდე რესპონდენტი თბილისიდან და რეგიონებიდან.
პრაიმ-ნიუსი “რეზონანსი” 10.02.2007
|