|
2006.01.04 ყურადღება >>
"ფრინველის გრიპი" და მისი თავიდან აცილების ღონისძიებები
ფრინველის გრიპი არის ვირუსით გამოწვეული ფრინველის ინფექციური დაავადება, რომელიც მაღალი სიკვდილობით ხასიათდება. "ფრინველის გრიპის" ეპიზოოტია დაფიქსირდა რუსეთში და ყაზახეთშიც. სავარაუდოა, რომ ფრინველებისათვის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსი გადამფრენი ფრინველის მიერ იქნა შეტანილი ჩინეთიდან.
ამ დაავადებით ადამიანის დაავადების შემთხვევები 2004-2005 წლებში აღწერილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. ფრინველთა შორის ინფექციის გავრცელებას ადგილი აქვს კორეაში, ვიეტნამში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და კამბოჯაში. მილიონობით ფრთა ფრინველი განადგურდა დაავადების გამო. გამომწვევი აღმოჩენილი იქნა აგრეთვე თურქეთში (შინაურ ფრინველებში) და რუმინეთში.
მკვეთრად გაიზარდა ფრინველთა გრიპის გამომწვევი ვირუსის ცირკულაცია, რამაც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიწვია ეპიზოოტია შინაურ და გადამფრენ ფრინველებში. არის დაავადების შემთხვევები ადამიანებში, რაც ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი სიკვდილიანობით.
ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა განხორციელდეს შემდეგი პროფილაქტიკური ღონისძიებები:
• ვირუსი ბუნებაში ძირითადად გამოიყოფა დაავადებული ფრინველის ექსკრემენტებით. ახალდახოცილ ფრინველებთან საჭიროა დაცული იქნას ჰიგიენური წესები.
• არ უნდა მოხდეს სხეულის დაუცველი ადგილების დაბინძურება ფრინველის სისხლით, ლორწოთი და ექსკრემენტით. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირბადეების და რეზინის ხელთათმანების ხმარება. ნანადირევის დამუშავების დროს აკრძალულია მოწევა, საკვების და სასმელების მიღება
• ყურადღება უნდა მიექცეს ნანადირევის ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებზე სისხლჩაქცევების არსებობას. ეს პირდაპირ მიუთითებს დაავადებაზე. დამუშავების შემდეგ ხელები საფუძვლიანად უდნა იქნეს დაბანილი საპნით.
• კატეგორიულად იკრძალება თოლიებისა და სხვა გარეული ფრინველების კვერცხების შეგროვება და საკვებად გამოყენება.
• თუ მონადირეს გარეულ ფრინველზე ნადირობის შემდეგ გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები გამოიძახეთ ექიმი, აუხსენით დაწვრილებით სად და როგორი კონტაქტი ჰქონდა გარეულ ფრინველებთან.
ადამიანთა ამ ვირუსით დაავადების მიზეზია ცოცხალ, დაავადებულ შინაურ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ანტისანიტარიულ პირობებში ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის საკვებად მიღება. დაავადებულ ფრინველთან კონტაქტში მყოფ ყველა პირისათვის აუცილებელია ხელის ხშირად დაბანა, ხოლო დამხარისხებელთა და გადამზიდველთათვის, მანიპულაციების დამთავრების შემდეგ, ხელის დამუშავება დეზინფექტანტით:
• გარემოს/სამუშაო ტერიტორიის დასუფთავებისას უნდა ვიხმაროთ ზემოთ ჩამოთვლილი დაცვის ინდივიდუალური საშუალებები;
• ყველა პირი, რომელიც კონტაქტში იყო, ან მუშაობს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საეჭვო ფერმაში, ექვემდებარება სამედიცინო მეთვალყურეობას.
გადამფრენი ფრინველების მიერ ინფექციის შემოტანის და გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს შინაური ფრინველის კონტაქტი იმ წყალსატევებთან, სადაც გარეული ფრინველები იმყოფებიან.
გრიპის ვირუსი ადვილად ნადგურდება გაცხელების დროს. მეტად მნიშვნელოვანია ავადმყოფ ფრინველთა დამუშავების დროს ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც გულისხმობს ხელის დაბანას, ნიღაბის გამოყენებას და პროდუქტის გაცხელებას (700C-ზე), ასე რომ თერმულად დამუშავებული ფრინველის ხორცი საშიშროებას აღარ წარმოადგენს ადამიანისათვის.
ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროება იზრდება მას შემდეგ რაც შემოდგომით გადამფრენი ფრინველები დაიწყებენ ფრენას ციმბირის ჩრდილოეთიდან კასპიის და შავი ზღვის მიმართულებით.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა. პირველი და ყველაზე დიდი გზა შავი ზღვის სანაპირო საჰაერო გზაა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ მიემართება. ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა. ესენი არიან როგორც წყალში მოცურავენი, ისე სხვა ფრინველები: რუხი ბატი, ტყის ქათამი, მწყერი, ყველა სახის ყანჩა, და სხვა ფრინველები.
მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე, მიემართება თეთრი და შავი არაგვით, ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ-აღმოსავლეთით.
შემოდგომის სეზონისათვის დაავადების გავრცელების რისკი დაკავშირებულია სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მობინადრე ფრინველების გადაფრენის მარშრუტზე. ძირითად ინტერესს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით წარმოადგენენ გარეული ბატები და იხვები. მაღალი რისკის ზონებად განიხილება ის წყალსატევები (პალიასტომი, სამცხე-ჯავახეთის ტბები, ჯანდარის ტბა) რომლებსაც აღნიშნული ფრინველები გამოიყენებენ დასვენებისათვის.
გარდა დასახელებული გზებისა, საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის უღელტეხილებთან რამდენიმე ადგილას არსებობს გადაფრენის მეორეხარისხოვანი გზებიც. ეს უღელტეხილებია: სანჭა, გრიზბა, ქლუხორი, ბალყარეთიდან სვანეთში გადმოსავლელი "ტვიბერი" და "მესტია".
საქართველოში სავათებისა და სარსარაკების შემოფრენა მეზობელ აზერბაიჯანიდან უმთავრესად ხდება დაბა ლაგოდეხთან, შირაქის ტრამალებზე, გარეჯის უდაბნოში და გარე კახეთის სხვა ნახევრადუდაბნო ადგილებში.
დაავადების დასაწყისში ფრინველში წყდება კვერცხის დება, ფრინველი დგას ჩამოშვებული თავით და დახუჭული თვალებით, ნისკარტიდან აღენიშნება შესქელებული ლორწოს დენა. ცხვირის ნაპრალები ამოვსებულია ანთებითი ექსუდატით, სუნთქვა გახშირებულია, ტემპერატურა 44 გრადუსამდე მატულობს. დაავადების მწვავე ფორმისას აღინიშნება აგრეთვე დიარეა, განავალი თხიერი მოყავისფრო-მწვანე შეფერილობისაა, სიკვდილის წინ შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვები.
ფრინველის გრიპის საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ადგილობრივ ვეტერინარულ და საზოგადობრივი ჯანდაცვის სამსახურებს და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია შემთხვევის შესახებ.
დაიცავით პროფილაქტიკური ღონისძიებები და დაცული იქნებით ფრინველის გრიპით დაავადებისაგან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
|