|
2005.12.29 ყურადღება >>
დავიცვათ თავი ბოტულიზმისგან
ზამთრის პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებად იყენებს დაკონსერვებულ ბოსტნეულსა და სხვა სახის პროდუქტებს.
მოხუფულ ქილებში იქმნება უჰაერო-უჟანგბადო პირობები (ანაერობული), სადაც ხდება ბოტულიზმის ჩხირების ზრდა და შხამის გამომუშავება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად იმატა ოჯახში დამზადებული კონსერვების საკვებად მიღების შედეგად ბოტულიზმის შემთხვევებმა. ოჯახში შეუძლებელია დაცული იქნას ის პირობები, რაც წაყენებულია საკონსერვო წარმოებებისათვის, თუნდაც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება.
ბოტულინუსის შხამით დაბინძურებული პროდუქტის საკვებად მიღებიდან 6-30 საათის (იშვიათად მეტი) შემდეგ, გამოვლინდება ადამიანში შემდეგი კლინიკური სიმპტომები: სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, ღებინება, იშვიათად ტკივილი მუცლის არეში.
შემდეგ ეტაპზე დაავადება რთულდება: იწყება მხედველობის გაორება, გუგების გაფართოება, ქუთუთოების ჩამოვარდნა, სახის ნერვის დამბლა, გაძნელებულია ყლაპვა, ლაპარაკი, თავი გვერდზეა გადავარდნილი, გაძნელებულია სუნთქვა, რაც შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი. შხამი მოქმედებს მამოძრავებელ ორგანოებზე, მგრძნობელობის - კი ხელუხლებელი რჩება, მომაკვდავი ავადმყოფიც კი საღად აზროვნებს და ყველაფერს გრძნობს. დაავადებამ შეიძლება გასტანოს რამდენიმე თვე. გამოსავალი დამოკიდებულია დროულად დიაგნოზირებაზე და მკურნალობის დაწყებაზე.
იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბოტულიზმის ტოქსინით გამოწვეული კვებითი მოშხამვა, მიზანშეწონილია შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
• არ არის რეკომენდირებული ხორცის, თევზისა და სოკოს კონსერვის დამზადება;
• იმ ბოსტნულის დაკონსერვებისას, რომლებიც არ შეიცავენ ბუნებრივად მჟავიანობას (პომიდორი, კიტრი, ნიორი, წიწაკა, დანდური, ბადრიჯანი, პარკოსნები და სხვა) უნდა დაემატოს ლიმონის ან ძმრის მჟავა რეცეპტურის მიხედვით;
• დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული უნდა იყოს ახალი. დაუშვებელია დაჟეჟილი ან ლპობადაწყებული ნედლეულის დაკონსერვება;
• დაკონსერვებული ნედლეული კარგად უნდა გაირეცხოს რბილი ჯაგრისით;
• უნდა გასტერილდეს ქილები და ხუფები;
• კონსერვები უნდა ინახებოდეს ცივ ადგილას;
• შემღვრეული და შებერილი კონსერვები უნდა განადგურდეს;
• ოჯახურ პირობებში დამზადებული კონსერვები საკვებად მიღების წინ, რამდენადაც ამის საშუალებას მისი სპეციფიკა იძლევა, უნდა ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში;
• დაუშვებელია წინა დღის თერმულად დამუშავებული პროდუქტის ნარჩენის საკვებად გამოყენება;
• მოერიდეთ კუსტარულად დამზადებულ კონსერვებს, შებოლილ და დამარილებულ თევზსა და ხორც-პროდუქტებს, ამით რეალურად აიცილებთ ბოტულიზმის განვითარების საფრთხეს.
2004-2005 წლებში საქართველოში სულ დაფიქსირებულია ბოტულიზმის 51 შემთხვევა
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია
|